logo
ENG



ომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, შუქრუთელების საქმეში მედიატორად ჩაერთოს

01 ივნ 202111:49
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, შუქრუთელების საქმეში მედიატორად ჩაერთოს

სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, როგორც მედიატორი, ჩაერთოს შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზთან მოლაპარაკების პროცესში, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ აგრძელებს საქმის შესწავლას ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებით ჭრილში, ასევე შეკრების ერთ-ერთი მონაწილის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე. 

სახალხო დამცველი წერს, რომ პირველივე დღეებიდან ადევნებს თვალს ჭიათურის სოფელ შუქრუთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა შპს ჯორჯიან მანგანეზის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაზიანებული საკუთრების სანაცვლოდ, სამართლიან კომპენსაციებს ითხოვს.

დაზარალებულები ასევე, პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ.

როგორც ამბობს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე შეხვდნენ აქციის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ასევე, აქვთ მუდმივი კონტაქტი აქციის ორგანიზატორებთან.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 106 დღეა ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ. აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი.

მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა. 

30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.

თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.


close დახურვა